ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მოუწოდა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლონ.
როგორც მელიამ აღნიშნა, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ და პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მრავალ პროფილურ კლინიკაში, არ გაათავისუფლებენ მესამე პრეზიდენტს და "არ დააბრუნებენ მიტაცებულ არჩევნებს".
მელია ამბობს, რომ ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე აქციები დაიწყება და ქვეყანას პროტესტის ტალღა მოიცავს.
"ჩვენ არსად შესავარდნი არაფერი არ გვჭირს. ჩვენი ამოცანა არ არის რომ სადმე შევიჭრათ. არაფერი გვესაქმება იქ [გლდანის ციხესთან]. არც ავუხდენთ ამ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს. ახლა წრე უნდა დავარტყათ კანცელარიის შენობას, ძალიან მშვიდად დავანახოთ ამდენი ადამიანის ძალა მთელ მსოფლიოს. აქ ვიდგებით იქამდე, სანამ სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი სამოქალაქო დაწესებულებით - ერთი, არ იქნება გათავისუფლებული - ორი, მიტაცებული არჩევნები არ იქნება დაბრუნებული - სამი. იქ ბატონო ღარიბაშვილი თუ შიგნით არის ვერ გამოვა, თუ არ არის - ვერ შევა.
ვინც გვიყურებთ შემოგვიერთდით. ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ დარჩით. ხვალ დილის 10 საათზე გავშლით აქციებს დამატებით ლოკაციებზე. ასევე იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართება აქცია. ნერვების ომიც მოსაგებია. არანაირი სახლი. დღეიდან სახლი და ოჯახი არის თავისუფლების მოედანი, თბილისის მთავარი გამზირი და ქვეყნის მთავარი მოედნები. გადავდოთ ყველა საქმე, ამაზე დიდი საქმე არ გვაქვს", - განაცხადა ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსავლისას.
ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.